ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ბათ-იამში თავდასხმის ადგილი მოინახულა, რომელსაც დღეს დილით ირანის მიერ ნასროლი რაკეტა დაეცა.

"ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის – ქალების, ბავშვების მკვლელობისთვის, რომელიც მან განზრახ განახორციელა. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს 20 000 ასეთი რაკეტა რომ ჰქონდეს – არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცის ზემოთ არიან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის განცხადებით, ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ისრაელში 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულია, სულ მცირე, 380 ადამიანი, რომელთაგან ცხრა კრიტიკულ მდგომარეობაშია.