ისრაელი გააძლიერებს დარტყმებს ირანის ტერიტორიაზე. ეს არის პასუხი თეირანის მიერ ისრაელის ქალაქების დაბომბვაზე, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელი კაცი სოციალურ ქსელში წერს.

"მშიშარა ირანელი დიქტატორი გამაგრებული ბუნკერის სიღრმეში ზის და ისრაელში საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ შენობებს მიზანმიმართულად ესვრის“, - წერს ის.

კაცმა ირანის მიერ განხორციელებულ დაბომბვას "უმძიმესი სახის ომის დანაშაული“ უწოდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ირანის სულიერი ლიდერი ალი ხამენეი პასუხის აგებს.

"პრემიერ-მინისტრმა (ბენიამინ ნეთანიაჰუ) და მე დავავალეთ ისრაელის თავდაცვის ძალებს, გააძლიერონ თავდასხმები ირანში სტრატეგიულ სამიზნეებზე და თეირანში სამთავრობო სამიზნეებზე, რათა აღმოიფხვრას ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხე და შეარყიოს აიათოლების რეჟიმი“, - წერს ისრაელი კაცი.

13 ივნისის ღამეს ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელი აღნიშნავს, რომ თავდასხმა იძულებითი იყო, რადგან თეირანს ჰქონდა ბირთვული ბომბების დამზადების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ოპერაციის დროს ისრაელმა ირანის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა გაანადგურა.

თეირანმა, თავის მხრივ, მომდევნო ღამეს, 14 ივნისს, საპასუხო დარტყმა განახორციელა. შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.

ისრაელი და ირანი ურთიერთდარტყმებს აგრძელებენ. დღეს, 19 ივნისს, თეირანმა კვლავ განახორციელა სარაკეტო შეტევა ისრაელზე, ბეერშებაში რაკეტა საავადმყოფოს მოხვდა.

ამასთან, 19 ივნისს, ღამით, ისრაელმა საბრძოლო თვითმფრინავებით შეუტია ირანში ათობით სამხედრო ობიექტს. მათ შორის, არაკის ბირთვულ რეაქტორს დაარტყა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო ძალების 40-მა გამანადგურებელმა ირანის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაცია განახორციელა. კერძოდ, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ათობით სამხედრო სამიზნეზე თეირანში, ასევე ქვეყნის სხვა ნაწილებში. სულ გამოყენებული იქნა 100-ზე მეტი საბრძოლო მასალა.

მთავარ სამიზნეებს შორის იყო ირანის ქალაქ არაკის მახლობლად მდებარე არაფუნქციური ბირთვული რეაქტორი. ისრაელის სამხედროებმა ობიექტის კრიტიკულ კომპონენტს დაარტყეს, რომელიც მნიშვნელოვანია ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოყენებული პლუტონიუმის წარმოებისთვის. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რეაქტორი დაუმთავრებელია, ირანის რეჟიმმა განზრახ შეინარჩუნა მისი ფუნქციონირება, რათა დასავლეთზე ზეწოლა მოეხდინა. ამიტომ, დარტყმის მიზანი იყო მისი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების საბოლოოდ აღმოფხვრა.

ისრაელის თვითმფრინავებმა ასევე დაარტყეს ნათანზში მდებარე ობიექტს, სადაც ინახებოდა ბირთვული იარაღის შემუშავებასთან დაკავშირებული კომპონენტები და აღჭურვილობა. გარდა ამისა, განადგურდა სამხედრო ქარხნები, რომლებიც აწარმოებდნენ ბალისტიკური რაკეტების ნაწილებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და რადარის აღჭურვილობას. ისრაელის სამხედროებმა ასევე განაცხადეს მიწა-მიწა ტიპის რაკეტების საწყობების განადგურების და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების ნეიტრალიზაციის შესახებ.