აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უკან დგას მმართველი ძალა. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ვერ სარგებლობს დამოუკიდებლობის გარანტიებით, - ამის შესახებ იურისტმა გოგა ხატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოქალაქეების პირად ინფორმაციებზე წვდომა არაკონსტიტუციურია.

"ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ვერ სარგებლობს დამოუკიდებლობის გარანტიებით, ის მთლიანად ემორჩილება მმართველ ძალას. ამას თავად ვენეციის კომისიაც აღნიშნავს.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი ამ პროცესში ის არის, რომ მათ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოითხოვეს ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია. ამის შესახებ მოთხოვნა სწორედ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგოც კი არის და მიზნად ისახავს მოქალაქეებზე ინფორმაციის მოპოვების გზით ტოტალურ გავლენას.

აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უკან დგას მმართველი ძალა. ამას ადასტურებს რამდენიმე თვის წინ მომხდარი შემთხვევაც, როდესაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან" დაკავშირებით ბიუროს ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება და როდესაც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოუწოდა მას, რომ ეს გადაწყვეტილება გაეუქმებინა, ფაქტობრივად, ასეც მოიქცა", - განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ანტიკონსტიტუციური ბიურო იმ ადამიანთა პირად ინფორმაციებს სთხოვთ, ვისაც ეს ორგანიზაციები დაეხმარნენ.