ისრაელმა 13 ივნისს ირანზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნეც ბირთვული ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების ქარხნები და სამხედრო მეთაურები იყვნენ. ისრაელმა განაცხადა, რომ ეს იყო გრძელვადიანი ოპერაციის დასაწყისი, რათა თეირანმა ბირთვული იარაღის შემუშავება ვერ შეძლოს.

ოპერაციის დაწყების დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭიროა.

ისრაელის ოპერაციის მიზანი იყო ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის, ბალისტიკური რაკეტების ქარხნებისა და სამხედრო პოტენციალის დარტყმა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ირანი ბირთვული იარაღის წარმოებასთან ახლოს იყო და რამდენიმე დღეში რამდენიმე ბომბის დასამზადებლად საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი ჰქონდა.

დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა თეირანი და ირანის სხვა ქალაქები, მათ შორის ნეთენზი, ხორამაბადი და ჰამედანი.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ დაადასტურა, რომ ისრაელმა დაარტყა ნეთენზში ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ობიექტზე. მისი თქმით, "ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ უკიდურესად შემაშფოთებელ სიტუაციას“.

გარდა ამისა, ისრაელმა, სავარაუდოდ, ირანის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა გაანადგურა. საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მთავარსარდალი ჰოსეინ სალამი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპნენ ირანის არმიის მეთაური მოჰამედ ბაგერი, გენერალური შტაბის სხვა წევრები და მაღალი რანგის ბირთვული მეცნიერები.

თუმცა, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მოჰამედ ბაგერის დაღუპვის შესახებ.

ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ თეირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე ორი ბირთვული მეცნიერი ფერეიდუნ აბასი და მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი დაიღუპნენ.

ოპერაციის დაწყების შემდეგ, ისრაელმა ირანის მხრიდან დარტყმების საფრთხის გამო განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დახურა. ქვეყანაში სკოლები და საწარმოები დაიხურა, მასობრივი შეკრებები კი აიკრძალა. ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა ათიათასობით რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა "ძალიან წარმატებული“ დარტყმები განახორციელა ირანის უმაღლესი სარდლობის, წამყვანი მეცნიერებისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი „მიღწევებს აგროვებს“, თუმცა „მარტივი ომები არ არსებობს“. კერძოდ, ისრაელელებს "გაცილებით მეტი დროის გატარება მოუწევთ თავშესაფრებში, ვიდრე აქამდე იყვნენ მიჩვეულები".

ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერი. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თქმით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედება განახორციელა და აშშ არ არის ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში.

ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მისაღწევად რამდენიმე საათი დასჭირდება. ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები მობილიზებულია და მუშაობენ თავდასხმის მოსაგერიებლად.