პარიზში ლუვრის მუზეუმი დღეს შუადღისას გაძარცვეს. ამჟამად ის საზოგადოებისთვის სრულიად დაკეტილია, - ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ განაცხადა.

მისი თქმით, ძარცვა დღეს დილით მუზეუმის გახსნის დროს მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ქურდებმა მუზეუმის ფანჯრები ჩაამტვრიეს და ნაპოლეონის და მისი მეუღლის სამკაულები მოიპარეს: ყელსაბამი, ბროში, დიადემა და სხვა სამკაულები.

Le Parisien-ის ცნობით, დამნაშავეებმა შენობაში სენის სანაპიროდან შეაღწიეს და "სატვირთო ლიფტი სასურველ ოთახში მოსახვედრად გამოიყენეს“. შემდეგ, ორმა მამაკაცმა, თანამზრახველის მეთვალყურეობის ქვეშ, ფანჯრები ჩაამსხვრია და ნაპოლეონის კოლექციიდან სავარაუდოდ, ცხრა ნივთი მოიპარა.

ლუვრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია, რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს. ოდესღაც სამეფო სასახლე ამჟამად 35 000-ზე მეტ ექსპონატს ინახავს. ​​