მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირე, პოლიტიკოსი და იურისტი ანდრეი პორტნოვი მოკლეს. 

მედიის ცნობით, ანდრეი პორტნოვი მოკლულია ესპანეთის დედაქალაქის მდიდრულ რაიონში, პოსუელოში, ამერიკული სკოლის ჭიშკართან დილის საათებში.

მედია წერს, რომ ანდრეი პორტნოვს იმ დროს ესროლეს, როდესაც შვილები სკოლაში მიჰყავდა.

ესპანური მედიის ცნობით, პორტნოვს გულმკერდის არეში ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა და ერთი თავის არეში (სასიკვდილო) აქვს მიყენებული.

"მსხვერპლი მერსედესში ჩაჯდომას აპირებდა, როდესაც მას მოულოდნელად ორი ან სამი თავდამსხმელი მიუახლოვდა, რომლებმაც ხუთჯერ ესროლეს და შემთხვევის ადგილიდან ტყიან ტერიტორიაზე გაიქცნენ“, - აღნიშნავს El País.

ესპანური მედიის ცნობით, მკვლელობის წინასწარი მიზეზი "ვალის პრობლემაა".

ჯერჯერობით არცერთი თავდამსხმელი დაკავებული არ არის.

ანდრეი პორტნოვი დაიბადა 1973 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ ლუგანსკში (ამჟამად დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ). მან დაამთავრა აღმოსავლეთ უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტის სპეციალობით. მიიღო ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. იყო კიევის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.

პორტნოვი იყო უკრაინის 5-6 მოწვევის სახალხო დეპუტატი (2006-2007, 2007-2010). 2005-2010 წლებში ხელმძღვანელობდა იულია ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის იურიდიულ განყოფილებას.

2010 წლის 2 აპრილიდან 2014 წლის თებერვლის ბოლომდე მუშაობდა ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის სასამართლო საქმეთა მთავარი დირექტორატის უფროსად, ასევე უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ (2014 წლის 24 იანვრიდან პირველი მოადგილე).

ევრომაიდანის დროს ის მონაწილეობდა "16 იანვრის კანონების“ მიღებაში. "ღირსების რევოლუციის“ შემდეგ მან დატოვა უკრაინა. 2014-2015 წლებში იგი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. ცხოვრობდა რუსეთში, შემდეგ გადავიდა ვენაში (ავსტრია) და ეწეოდა იურიდიულ პრაქტიკას. 2019 წლის 19 მაისს ის დროებით დაბრუნდა უკრაინაში, თუმცა მოგვიანებით კვლავ დატოვა იგი.

პორტნოვის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელთაგან ბევრი მან სასამართლოში მოიგო. 2018 წელს უკრაინელმა გამომძიებლებმა დაიწყეს პორტნოვის ყირიმის ანექსიაში მონაწილეობის გამოძიება, უსაფრთხოების სამსახურმა საქმე აღძრა "სახელმწიფო ღალატის“ მუხლით, რომელიც 2019 წლის 15 აგვისტოს დაიხურა.

2021 წლიდან ის იყო აშშ-ის სავიზო და ფინანსური სანქციების ქვეშ უკრაინაში მასშტაბურ კორუფციაში მონაწილეობის გამო.

პორტნოვს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ქვეყნის სასამართლო სისტემაზე. უკრაინაში მის სახელს უკავშირებენ სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეს, მათ შორის მიწისა და უძრავი ქონების მითვისებას და „ღირსების რევოლუციის“ დროს მაიდანზე მომხდარ მკვლელობებს.