აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის მეორე ვადით არჩევისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს. 

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა კითხვა დაუსვა.

კონგრესმენმა უილსონმა ჯერ ისაუბრა არჩევნების გაყალბებაზე, ასევე, ჩინეთის ინტერესების სანაცვლოდ ამერიკულ მხარესთან ორგანიზაციების ასოცირების კრიმინალიზაციაზე, მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებზე და რუბიოს ჰკითხა:

"200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის [ტრამპის] ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“?

სახელმწიფო მდივანი რუბიოს პასუხი ასეთი იყო:

"დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, - [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.

ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.

კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას - ანტიამერიკულ მთავრობას - რეაგირება", - განაცხადა რუბიომ.

["რადიო თავისუფლება"]