482 დღე მარტო ვიყავი „ჰამასის“ ტყვეობაში და ახლა საქართველოში ჩამოვედი, რათა ეს ამბავი მომეყოლა, – ამის შესახებ „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა გადი მოზესმა საქართველოში ისრაელის საელჩოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ღაზაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად ყველა ღონე უნდა იქნეს გამოყენებული.

"50 წელია, რაც ქართველ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. ეს ჩემი 42-ე ვიზიტია საქართველოში. განსაკუთრებული მხარდაჭერა მაქვს და მიყვარს საქართველოში მცხოვრები ფერმერები. ვფიქრობ, ბევრ ქართველ ფერმერს კარგი ურთიერთობა აქვს ჩემთან. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. პირველი მიზანი, რატომაც აქ მოვედი, 7 ოქტომბრის შესახებ ჩემი ისტორიის მოყოლაა. შაბათს, დილით სახლიდან ღაზაში წამიყვანეს. იმ მომენტიდან მოწყვეტილი ვიყავი მთელ სამყაროს, 482 დღე მარტო ვიყავი და ახლა აქ მოვედი, რომ ეს ამბავი მომეყოლა, ჩემი საკუთარი ისტორია. ასევე მოვედი, რათა გთხოვოთ, რომ ღაზაში მყოფი 58 მძევლის საკითხი მაგიდაზე განსახილველად დავდოთ. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, არ გვაქვს უფლება, ეს საკითხი განხილვის გარეშე დავტოვოთ. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მათ გასათავისუფლებლად, რათა სახლში დაბრუნების საშუალება მივცეთ, როგორც გარდაცვლილებს, ასევე ცოცხლებს. მესამე მიზანი არის, რომ მოვყვე, როგორ დაანგრიეს ჩემი სახლი, მე კიბუცში ვცხოვრობ, საზღვართან ახლოს და მათ სახლების 85 პროცენტი გაანადგურეს, ეს სოფელი, კიბუცი, დაანგრიეს. ასე რომ, აქ ვარ ჩემი ისტორიის მოსაყოლად, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვართ დაზარალებულები“, – განაცხადა გადი მოზესმა.

როგორც ღონისძიებაზე საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა აღნიშნა, ამ განსაკუთრებულმა მომენტმა კიდევ ერთხელ აგრძნობინა ერებს შორის არსებული ღრმა კავშირი, რომელიც არა მხოლოდ დიპლომატიით, არამედ ადამიანური ურთიერთობებით არის გამყარებული.

„წელს ზეიმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ზუსტად ერთი წლის წინ, ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში გადი მოზესის შვილებთან ერთად იმედით ველოდით და არ ვკარგავდით რწმენას, რომ გადი „ჰამასის“ ტყვეობიდან დაბრუნდებოდა. აი, დღეს, გადი ჩვენთან ერთადაა, თავისუფალი, სიცოცხლით სავსე – თავის ქართველ მეგობრებთან ერთად. ამ განსაკუთრებულმა მომენტმა კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა ჩვენს ერებს შორის არსებული ღრმა კავშირი, რომელიც არა მხოლოდ დიპლომატიით, არამედ ადამიანური ურთიერთობებით არის გამყარებული. გადი არა მხოლოდ ერთ-ერთი გადარჩენილთაგანია, ის ნამდვილი შემოქმედია. ათწლეულების განმავლობაში ის მუშაობდა ქართველ ფერმერებთან ერთად, ეხმარებოდა მეურნეობის განვითარებაში და დატოვა მეგობრობისა და თანამშრომლობის მდიდარი მემკვიდრეობა. დღეს, როცა თავისუფლებას ვზეიმობთ, გვახსოვს, რომ 58 მძევალი ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაშია. ჩვენ ერთიანად ვდგავართ მშვიდობისთვის, სამართლიანობისთვის და თითოეული მათგანის დაბრუნებისთვის. დამოუკიდებლობის დღეს მადლიერნი ვართ, რომ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებსა და მისწრაფებებს, ავაშენოთ უკეთესი მომავალი“, – განაცხადა მეიცადმა.