მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა.

მოქალაქეებისადმი მიმართვაში სანდუმ აღნიშნა, რომ არსებობს "მკაფიო მტკიცებულება“, რომ მოლდოვას ინტერესებისადმი მტრულად განწყობილი კრიმინალური დაჯგუფებები 300 000 ხმის ყიდვას ცდილობდნენ.

"მათი მიზანი იყო დემოკრატიული პროცესის შელახვა. მათი განზრახვა იყო საზოგადოებაში შიშის შექმნა და პანიკა... ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებებით ვუპასუხებთ", - განაცხადა მან.

მოლდოვაში კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება. პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ტურში ალექსანდრე სტოიანოგლოსთან ერთად გავა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 98% დაამუშავა - ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ხმების 42% მოიპოვა, ხოლო ყოფილმა სტოიანოგლომ - 26%-ზე მეტი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს უნდა დაეფიქსირებინათ, სურთ თუ არა ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ოქმების 98,3%-ია დამუშავებული.

ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეების 50,07%-მა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა, 49,93%-მა კი ცვლილების განხორციელების წინააღმდეგ მისცა ხმა.