ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

"არსებობს მრავალი ნიშანი, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი დარტყმის შედეგად მოკლეს“, - აღნიშნა მან.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანში დაწყებული ოპერაცია გაგრძელდება "სანამ საჭირო იქნება“.

მან აღნიშნა, რომ ისრაელის მოქალაქეებს მოთმინება დასჭირდებათ.

აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა მედიასაშუალებები წერენ, ირანელი ხალხისთვის ხამენეის დაანონსებული მიმართვა გაუქმდა.

28 თებერვალს, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი დარტყმა განახორციელეს. თავდასხმა მოხდა თეირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკამ დაიწყო სამხედრო კამპანია ამჟამინდელი რეჟიმის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. ტრამპის თქმით, ოპერაციის მთავარი მიზანი ამერიკელი ხალხისა და მოკავშირეების დაცვაა.

საპასუხოდ, ირანმა რაკეტები გაისროლა ისრაელის მიმართულებით და ასევე დაარტყა აშშ-ის სამხედრო სამიზნეებს, სულ მცირე, ბაჰრეინში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში.