პოლონეთმა საკუთარი ბირთვული იარაღი უნდა შექმნას, რადგან ის შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ Polsat News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ეს გზა, ყველა საერთაშორისო ნორმის პატივისცემით, არის ის, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევძლოთ მუშაობის დაწყება. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა. რუსეთის აგრესიული, იმპერიალისტური პოზიცია პოლონეთის მიმართ ნათელია“, - განაცხადა ნავროცკიმ.

მისივე თქმით, არ იცის, საერთოდ მოხდება თუ არა ეს, მაგრამ მხარს უჭერს პოლონეთის უსაფრთხოების განვითარებას "ბირთვული პოტენციალის საფუძველზეც კი".

"რუსეთს შეუძლია აგრესიულად უპასუხოს ნებისმიერ რამეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა, პოლონეთის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით მოსკოვის შესაძლო ქმედებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.