აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, ივნისში ჰააგაში დაგეგმილ ნატოს სამიტს არ დაესწროს, სავარაუდოდ, ეს მოხდება, თუ ალიანსის ევროპელი წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდიან, - ამის შესახებ Der Spiegel წერს.

როგორც გამოცემა წერს, ნატოში აშშ-ის ახალმა ელჩმა მეთიუ უიტაკერმა სავარაუდოდ, გერმანულ მხარეს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი შესაძლოა, არ დაესწროს ალიანსის მომავალ სამიტს, თუ წევრი სახელმწიფოები თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ არ გამოაცხადებენ.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, უიტაკერი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს აშშ-ის ადმინისტრაციის მოთხოვნას, რომ წევრმა სახელმწიფოებმა აიღონ ვალდებულება, დახარჯონ მშპ-ს 5% თავდაცვაზე.

ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.

ამავდროულად, სამიტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ არ მიუღიათ დადასტურება იმის შესახებ, რომ ტრამპი ღონისძიებას არ დაესწრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ მოითხოვა, რომ ნატოს მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.