რუსეთი მზადაა, 4 ნოემბრის შემდეგ უკრაინასთან და შეერთებულ შტატებთან სამმხრივი მოლაპარაკებები განაახლოს, თუმცა ამ შეხვედრის მიმართ მოლოდინები დიდი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

"უახლოეს მომავალში დაგეგმილი შეხვედრა რუსეთი – აშშ – უკრაინა წინასწარი ხასიათის იქნება. მისგან დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, "მხარეებმა ჯერ კიდევ უნდა გასწიონ ძალისხმევა უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად".

პუტინის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, 4 ნოემბრის შემდეგ სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები განაახლოს.

ამავდროულად, მისივე თქმით, უკრაინაში ომის მოგვარების შესახებ ევროპასთანაც არის საჭირო საუბარი, რადგან მისი პოზიცია შესაძლოა, საკვანძო აღმოჩნდეს.

მისივე თქმით, "აშშ ჯერჯერობით ვერ ახერხებს კიევზე ზეწოლის განხორციელებას და მშვიდობის დამყარების იძულებას“.

"ადრეც, ანკორიჯის შემდეგ, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამერიკულ ადმინისტრაციას შეეძლო რაღაც მსგავსის თავს მოხვევა და კიევის იძულება, ეს შეესრულებინა. თუმცა, ჯერჯერობით ეს რაღაცნაირად ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან საკმარისი არ არის მხოლოდ კიევთან საუბარი, საჭიროა საუბარი მთელ ევროპასთან, რომელიც სრულად უჭერს მხარს კიევს“, – განაცხადა უშაკოვმა.