რუსეთის ჯარები დღეს, 17 ივნისს, უკრაინას თავს დაესხნენ სულ მცირე 440 დრონის და სხვადასხვა ტიპის 32 რაკეტის გამოყენებით. კიევზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დარტყმა გუშინ ღამით დაფიქსირდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"შინაგან საქმეთა მინისტრის, კლიმენკოს და სამხედრო მეთაურების რეგულარული ანგარიშები მასობრივი რუსული დარტყმის შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ. 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დარტყმა კიევზე. ასევე, ღამის განმავლობაში თავს დაესხნენ ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის და კიევის რეგიონებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამჟამად კიევში საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.

როგორც მან აღნიშნა, საერთო ჯამში, სახლები კიევის რვა რაიონში დაზიანდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმები სუფთა ტერორიზმია და მთელმა მსოფლიომ, აშშ-მა და ევროპამ საბოლოოდ უნდა მოახდინონ რეაგირება ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება რეაგირებს ტერორისტებზე.

"პუტინი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ომის გაგრძელება შეუძლია. მას მეტი ომი სურს. ცუდია, როდესაც ძლიერები მსოფლიოში ამაზე თვალს ხუჭავენ. ჩვენ ყველა შესაძლო დონეზე კონტაქტში ვართ ყველა პარტნიორთან, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს. ტკივილი ტერორისტებმა უნდა იგრძნონ და არა ნორმალურმა, მშვიდობიანმა ადამიანებმა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

წინასწარი მონაცემებით, კიევში ფართომასშტაბიანი კომბინირებული რუსული დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, თავდასხმის შემდეგ, 114 დაზარალებულმა მიმართა სამედიცინო დახმარებას, რომელთაგან 68 საავადმყოფოში მოათავსეს.