საგარეო ურთიერთობების გაუარესებით და  ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ეს იქნება საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ქვეყანასთან შეჩერდეს უვიზო რეჟიმი, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უვიზო რეჟიმი თავდაპირველად 12 თვით შეჩერდება.

"ამ გადაწყვეტილებით მკაფიოდ არის კიდევ ერთხელ გაწერილი, თუ რა პირობების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ქვეყანამ დაკარგოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ჩვენთან მიმართებითაა ბოლო პუნქტი, სადაც გაწერილია, რომ მესამე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებით, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ეს იქნება საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ქვეყანასთან შეჩერდეს უვიზო რეჟიმი, თავდაპირველად ეს იქნება 12 თვე, მერე გაგრძელდება 24 თვე და ამ პერიოდის მანძილზე ევროკომისია გააგრძელებს ამ კონკრეტულ ქვეყანასთან აქტიურად მუშაობას არსებული ნაკლოვანებების ამოსავსებად. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერ მიიღწევა დადებითი შედეგი, ქვეყანამ, შესაძლებელია, სამუდამოდ დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია შენგენის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ევროპარლამენტი და საბჭო უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ.