გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ვლადიმერ პუტინისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის გვერდით დგომას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომავალმა ხელმძღვანელმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

”ვფიქრობ, ყველასთვის, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინისთვის, უნდა იყოს გასაგები: ჩვენ ვიდგებით უკრაინის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვთავაზობთ მას შესაძლებლობას, რომ თანაბარი პირობებით ვიყოთ რუსეთთან”, - აღნიშნა ვადეფულმა.

მისივე თქმით, ბერლინი გეგმავს დიალოგის დამყარებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, რათა გააცნოს თავისი პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად.

მისი თქმით, გერმანია ვაშინგტონს აუხსნის, თუ რატომ არის სახელმწიფოების ინტერესებში ძლიერი უკრაინა, როგორც ევროპული საზოგადოების ნაწილი.