რუსული ბალისტიკური რაკეტები კიევის ოლქში კერძო სპორტულ კომპლექსს მოხვდა და არა უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ პოლიგონს, - ამის შესახებ საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

"ეს არ არის პოლიგონი, ეს სპორტული კომპლექსია, ის კერძოა და არანაირი კავშირი სამხედროებთან არ აქვს“, - აღნიშნა იგნატმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ახლა ღონისძიების ორგანიზატორების ქმედებები უნდა შეაფასონ.

კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან ოლეინიკის თქმით, დაბომბვის ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს.

"ბუჩას რაიონში დაბომბვის შედეგად დაზიანდა 27 კერძო სახლი და 44 სატრანსპორტო საშუალება. დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება“, - განაცხადა მან.

დღეს შუადღისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის რეგიონზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს. ყველაზე დიდი ზიანი ბუჩას რაიონს მიადგა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით ასმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე სისხლის სამართლის ორი მუხლით აღძრეს - ერთი ეხება სამხედრო დანაშაულებს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით, მეორე კი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 367-ე მუხლის მე-3 ნაწილს სამსახურებრივი მოვალეობების შესაძლო არაჯეროვანი შესრულების შესახებ ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარების დროს, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანთა დაღუპვა და სხვა მძიმე შედეგები.