საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მოსკოვმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ წინადადებას. 

მისივე თქმით, ამ დროისთვის არ ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციას მშვიდობა სურს.

"რუსეთი არ ტოვებს იმ ქვეყნის შთაბეჭდილებას, რომელსაც გულწრფელად სურს მშვიდობა. ის არ პასუხობს შეერთებული შტატების და უკრაინის წინადადებებს. ის აძლიერებს საომარ მოქმედებებს. პრეზიდენტ პუტინს სურს მიიღოს ყველაფერი და შემდეგ მოლაპარაკება აწარმოოს", - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ახლა "ჩვენი მშვიდობის სტრატეგია ძალის მეშვეობით“ საფრთხის ქვეშაა. გარდა ამისა, უნდა იყოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

"თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, რუსეთმა მკაფიოდ უნდა უპასუხოს და ზეწოლა უნდა იყოს მკაფიო, შეერთებულ შტატებთან ერთად ამ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ გამბედაობა გამოიჩინა სამშვიდობო ინიციატივით თეთრი სახლის ხელმძღვანელთან დონალდ ტრამპთან და ასევე "ცეცხლის შეწყვეტი ერთთვიანი შეთავაზებისთვის".

"მდგრადი მშვიდობისთვის, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას მტკიცედ დადგეს, რათა ხვალ მას ჰყავდეს ძლიერი არმია, რომელიც დაიცავს თავის ქვეყანას და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ მშვიდობის გარანტიისთვის", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ მაკრონმა დღეს მონაწილეობა მიიღო უკრაინის მოკავშირეების სამიტში, რომელიც დღეს დილით ონლაინი გაიმართა. ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ შეხვედრა გაიმართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ინიციატივით და "გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის თავმჯდომარეობით“.