ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგს დადებითად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა“.

"ჩვენ მივესალმებით დღევანდელ სიახლეებს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინადადებასა და აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების განახლებას.

ეს არის პოზიტიური განვითარება, რომელიც შეიძლება გახდეს ნაბიჯი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.

ევროკავშირი მზადაა სრულად შეასრულოს თავისი როლი, პარტნიორებთან ერთად, მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინა 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზადყოფნას აცხადებს.