"ქართული ოცნების" გზავნილია, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს და ის უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლომ ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა.

"სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ივანიშვილის მიერ გაცემული დაკვეთის შესრულება. სასამართლო არ არის სამართლიანი. "ქართული ოცნების” გზავნილია, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს და ის უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში. 

დღეს ჩვენ ეს მოვისმინეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასება იმიტომ, რომ როცა ჩვენ სასამართლოს ვუსმენთ და არგუმენტები მოჰყავს, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ, 10%-ზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით ჩვენ განმარტება არ მოგვისმენია. განმარტება არ მოგვისმენია, მათ შორის, თუნდაც დაჯავშნილი ავტომობილების ხარჯზე", - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. მას 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.