რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს უპასუხა.

მისი თქმით, წერილი დღეს დილით წაიკითხა და რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მაშ შორის ერთ-ერთი მისი ასაკია.

"რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იფიქროს ასაკზე, მაგრამ ჩემი ასაკის ბევრი სხვა პოლიტიკური ფიგურაც ასრულებს თავის მოვალეობებს, ზოგი ჩემზე უფროსიც კი. ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი არ არის, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია შესაძლებლობები და ეფექტურობა“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ასევე შეეხო ზელენსკის მიერ წერილში მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე მინიშნებას.

"ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს არჩევნების და ყოველთვის უნდა ვიმოქმედოთ ფუნდამენტური კანონის ფარგლებში, რადგან ძალაუფლების კონსტიტუციური ჩარჩოების მიღმა შენარჩუნებას ძალაუფლების უზურპაცია ეწოდება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი "გაკვირვებულია", რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, მაგრამ ახლა რატომღაც "გაჩუმდნენ“.

მისივე თქმით, ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი სამი კვირის წინ კიევში მიიწვიეს, სადაც ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. უკან დაბრუნების შემდეგ შეხვდა მას და გაიგო, რომ ზელენსკიმ შეხვედრა ითხოვა.

პუტინის თქმით, შეხვედრაზე უარი არასოდეს უთქვამს, თუმცა შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, ერთადერთი მიზანი უკრაინისთვის იყო - რუსეთის „წინსვლის“ შეჩერება.

"ჩვენ გვჭირდება შეთანხმებები, არა ექვსთვიანი ან სამთვიანი, არამედ გრძელვადიანი. მივცეთ საშუალება ექსპერტებს იმუშაონ და შეიმუშაონ გარკვეული გადაწყვეტილებები, შემდეგ შესაძლებელია შეხვედრაც, რამდენიმე დოკუმენტის ხელმოწერაზე დასწრება ან თუნდაც ხელმოწერა, მაგრამ ჯერ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ", - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინი მიიჩნევს, რომ წერილი "უხეშობის ელემენტებს“ შეიცავდა.

"ეს ქმნის პირობებს პირადი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის? თუ ქმნის გარემოს, რომელშიც საერთოდ შეუძლებელია რაიმე პირადი შეხვედრის ჩატარება? ვფიქრობ, ეს უკანასკნელია. ამიტომ, ჩვენ უნდა მივმართოთ არა ამ წერილის ავტორებს... არამედ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძვიან... განაგრძეთ მუშაობა, ძმებო“, - განაცხადა პუტინმა.