არ მეგონა, რომ ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი "ნაციონალურ მოძრაობაზე" ნიკა გვარამიას მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განპირობებული იმ შიდა პარტიული ტურბულენციით, რომელიც თავად "ახალშია", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დრო და უნარი გამარჯვებამდე მისაღწევად, არასწორი მიმართულებით იხარჯება.

"ყველას გვაქვს რაღაც სათქმელი, მაგრამ საჯარო ამგვარი პოზიციონირება, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას მუდმივად დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებში ურთიერთდაპირისპირების, მე მიმაჩნია, რომ არის კონტრპროდუქტიული.

4-იანზეც თუ რაიმე კითხვები არსებობდა, უნდა დასმულიყო არჩევნებამდე, რა თქმა უნდა. მე პირადად, ძალიან ვარ გაკვირვებული ნიკა გვარამიას გუშინდელი პოსტით. არ მეგონა, რომ ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი "ნაციონალურ მოძრაობაზე" ნიკა გვარამიას მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განპირობებული იმ შიდა პარტიული ტურბულენციით, რომელიც თავად "ახალშია", მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პერიპეტიებმა განაპირობა ის, რომ მან ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა, მე ამას მივაწერ ასეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის გამაკვირვებელი იყო.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", მერწმუნეთ, გადასარევად მესმის, რა არის გასაკეთებელი "ნაციონალურ მოძრაობაში" იმისთვის, რომ კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გახდეს პარტია.

როდესაც ეს დაპირისპირება დაიწყო, ეს ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის არ დაწყებულა, სხვა ეშელონებიდან წამოვიდა, მაშინვე თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომ ის არსაიდან გასვლას და დემარშს არ აპირებს, შესაბამისად, ეს პოზიცია ჯერ კიდევ არის. სამწუხაროა, რომ ამგვარი წითელი ხაზები სხვა მხრიდან მოვისმინეთ, რადგან ეს ასუსტებს პოლიტიკურ გაერთიანებას, მაგრამ პოლიტიკური ალტერნატივა მაინც ჩამოყალიბდება და მაინც დაიწრიტება ეს ყველაფერი იქამდე, რომ ამ ბრძოლაში დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გავლენ ბოლომდე ღირსეულად, უბრალოდ, ეს პერიოდი, რომელიც გაცილებით ეფექტიანად შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ, ახლა არასწორი მიმართულებითაა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.