უკრაინას კიდევ 1245 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, უკრაინის მოქალაქეებს, კერძოდ, სამხედრო პერსონალს ეკუთვნით.

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ეს ეტაპი სტამბოლში მიღწეული რეპატრიაციის შეთანხმებების ფარგლებში საბოლოო იყო. ამ შეთანხმების ფარგლებში, უკრაინაში სულ 6057 ცხედარი დაბრუნდა.

როგორც სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება, ცხედრების იდენტიფიცირება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების ექსპერტების მონაწილეობით მოხდება. დაგეგმილია საჭირო ექსპერტიზების ჩატარება და დნმ-ის იდენტიფიცირება.

სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლაც შედგა, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

"ჩვენ არ ვჩერდებით. შემდეგი ეტაპი წინ არის: ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ტყვეების დაბრუნებისთვის“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმაროვმა.