რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა, დღეს ღამით უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელონ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის სირენები და თავშესაფარი მოძებნონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ხვალ და მუდმივად ყურადღება მივაქციოთ საჰაერო თავდასხმის სირენებს და თავშესაფარი ვეძებოთ. რუსები უცვლელები არიან: ისინი ცდილობენ ისარგებლონ ამინდით. მე მთავრობას დავავალე, დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებას და მაქსიმალური დახმარება გაუწიოს ყველას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში მან მიიღო ანგარიშები მთავრობისა და ყველა სამსახურისგან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ რუსული დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად.

8 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა ისკანდერის ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს კრივი რიჰს. მაღალსართულიანი შენობები დაზიანდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ოთხშაბათს, 7 იანვარს, რუსეთმა დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბა, რის შედეგადაც ორივე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.