უკრაინა მოუწოდა პარტნიორებს, გადამწყვეტი ზომები მიიღონ კიევზე ღამით განხორციელებული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმის საპასუხოდ, რომლის შედეგადაც მრავალი ადამიანი, მათ შორის მთელი ოჯახი, დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.

"საშინელი ღამე იყო კიევში. 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა. სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, მათ შორის ბავშვები. დაიცავით უკრაინელი ბავშვები რუსული ბალისტიკური ტერორისგან! არ არსებობს უფრო სასწრაფო ამოცანა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ამ კვირის ნატოს სამიტისთვის“, - წერს ის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს და დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

"ერთ რაიონში ნანგრევებიდან გარდაცვლილი ოჯახი - დედა, მამა და შვილი ამოიყვანეს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ამ კვირის ალიანსის სამიტი კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელ პლატფორმად უნდა იქცეს.

როგორც სიბიჰამ აღნიშნა, "რბილი ზომების" ერა დასრულდა, რადგან ის მხოლოდ წაახალისებს რუსეთს, გააგრძელოს ტერორი და გააფართოოს ის უკრაინის საზღვრებს გარეთ.

"პუტინის გზავნილი მარტივია: ის ბალისტიკურ რაკეტებს მძინარე ბავშვებს დაუმიზნებს და მკვლელობას გააგრძელებს მანამ, სანამ შეძლებს“, - განაცხადა მინისტრმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ PAC-3 ტიპის რაკეტები შეიქმნა ადამიანების ასეთი ბარბაროსობისგან დასაცავად, ათასობით ასეთი რაკეტა ინახება მსოფლიოს სხვადასხვა საწყობებში პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.

"მაგრამ უკრაინაში არსებული საფრთხეები პოტენციური არ არის! რუსული რაკეტები ყოველ კვირას კლავს ადამიანებს. უკრაინა ამჟამად მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყოველ კვირას ბალისტიკურ თავდასხმებს განიცდის. საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება ახლავე გვჭირდება და არა მოგვიანებით. ჩვენთვის ხომ დრო ადამიანის სიცოცხლეებით იზომება“, - წერს სიბიჰა.

კიევზე მორიგი რუსული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა.