ინფორმაცია კურსკის ოლქში უკრაინული შენაერთების თითქოსდა ალყაში მოქცევის შესახებ, რეალობას არ შეესაბამება. მსგავს მესიჯებს რუსული პროპაგანდა ავრცელებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

"ცნობები მტრის მიერ კურსკის ოლქში უკრაინული შენაერთების თითქოს ალყაში მოქცევის შესახებ, არ შეესაბამება რეალობას და შექმნილია რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის და უკრაინასა და მის პარტნიორებზე ზეწოლის მიზნით“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და სამხედრო ოპერაციები ჯარების ჯგუფების "კურსკის" ოპერატიულ ზონაში გრძელდება.

გენერალურ შტაბში განმარტეს, რომ თავდაცვის ძალები გადაჯგუფდნენ და უკან დაიხიეს უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე. ისინი ასრულებენ მათთვის დაკისრებულ დავალებებს კურსკის რეგიონში.

"ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ მოწინააღმდეგის თავდასხმას და ყველა სახის იარაღიდან ეფექტურ დარტყმას აყენებენ მტერს. მიმდინარე დღის დასაწყისიდან კურსკის მიმართულებით 13 სამხედრო შეტაკება მოხდა. ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადეს გენერალურ შტაბში.