უკრაინის გარეშე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის არსებობა შეუძლებელია. ატომური ელექტროსადგურის აღსადგენად, რამდენიმე წელია, საჭირო, ფული და სპეციალისტები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"სწორედ ეს სადგური თავად რუსებისთვის პრობლემაა, დიდი პრობლემა. პრინციპში, მისი არსებობა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. მის აღსადგენად ფული და სპეციალისტები არიან საჭირო. და დრო - რამდენიმე წელი.

მის აღდგენას ბევრი ძვირად ღირებული პროცესი სჭირდება. ეს ჩვენთვისაც პრობლემაა, რადგან ეს არის ჩვენი სადგური. დაკარგული ფული, დაკარგული შესაძლებლობები. ისინი (რუსები) ესროდნენ სადგურს. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა სურთ მისი გამორთვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსები "პოლიტიკურ, საჯარო განცხადებებს გააკეთებენ, რომ სადგური მალე ამოქმედდება და ელექტროენერგიას მიაწვდის ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს“.

"ეს არ მოხდება სწრაფად. და IAEA იქნება მუდმივი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, რადგან IAEA მათ ამის უფლებას ვერ მისცემს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტის დასაწყისში დაიკავეს. პერიოდულად, სადგური გათიშულია სარეზერვო დენის წყაროდან.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ არასტაბილურია.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის საკითხი განიხილება უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.