უკრაინა მზად არის კიდევ ორი-სამი წელი ებრძოლოს რუსეთს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ომი ათწლეულის განმავლობაში არ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ სცენარის ეშინია, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ბრიტანულ გაზეთ The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის სურვილის მიუხედავად, უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა საკითხავია, კიდევ რამდენი მსხვერპლი იქნება.

"როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მითხრა, იმედოვნებს, რომ ომი ათი წელი არ გაგრძელდება, თუმცა უკრაინა მზადაა კიდევ ორი ​​ან სამი წელი იბრძოლოს“, - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა უკიდურესად შეშფოთებულია იმ შედეგებით, რაც ომს მოჰყვება მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის, თუ ის სამ წელზე მეტხანს გაგრძელდება. სწორედ ამიტომ ისაუბრა ზელენსკიმ "ორ-სამ წელზე“, მაგრამ არა მეტზე.

ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას უფლება აქვს, თავს დაესხას რუსეთის სამიზნეებს ევროპის ნებისმიერ წერტილში. უკრაინაში ომი რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარ ზიანს აყენებს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკას "გრძელვადიან პერსპექტივაში“ "გადარჩენის შანსი არ აქვს“. ახლა კი ის პრობლემების წინაშე დგას, განსაკუთრებით აშშ-ის ახალი სანქციების შემდეგ.

ამასთან, ტუსკის თქმით, რუსეთში შიდა არასტაბილურობამ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი უფრო აგრესიული გახადოს. ამავდროულად, არ არსებობს გარანტია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სადამსჯელო მიდგომა კრემლის მიმართ ხანგრძლივად სტაბილური იქნება.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, რუსებს ერთი უპირატესობა აქვთ დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით - ისინი მზად არიან საბრძოლველად.

"მათ ერთი მთავარი უპირატესობა აქვთ დასავლეთთან და განსაკუთრებით ევროპასთან შედარებით: ისინი მზად არიან საბრძოლველად... ომის დროს ეს აბსოლუტურად გადამწყვეტია. თუ არ ხართ მზად საბრძოლველად, ან სულ მცირე რამის შესაწირად, არ გაქვთ გამარჯვების შანსი“, - განმარტა ტუსკმა.

ცოტა ხნის წინ უკრაინის სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინელები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ უახლოესი წლები მშვიდობიანი არ იქნება - საუბარია არა მუდმივ საომარ მოქმედებებზე, არამედ მუდმივ საფრთხეზე, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზადყოფნას მოითხოვს.