უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა 150 Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავის მიღებას ელის, პირველი მათგანი ქვეყანაში მომავალ წელს უნდა ჩავიდეს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ შვედეთთან ერთად, უკრაინა მნიშვნელოვნად გაზრდის საბრძოლო ავიაციას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ამბიციური მიზანი, რომლის მიღწევაც აუცილებელია.

"ახლა ჩვენ გვაქვს ისტორიული ნაბიჯი - შვედეთთან Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავებზე შეთანხმება და ეს კარგი არჩევანია.  უკრაინისთვის 150 ასეთ თვითმფრინავს ველოდებით, პირველები კი მომავალ წელს გამოჩნდება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი - ისინი წარმოადგენენ საჰაერო ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინის ცის 100%-ით დაცვა.

„უკრაინას აქამდე არასდროს ჰქონია ასეთი მასშტაბური შეთანხმება საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით. ისტორიული მიღწევაა. ჩვენ ვმუშაობთ მის სრულად განხორციელებაზე. გმადლობთ, შვედეთო“, - წერს ზელენსკი.

ცოტა ხნის წინ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 120-დან 150-მდე თანამედროვე Gripen-ის გამანადგურებელს მიჰყიდის. მისი თქმით, წარმოება უკვე დაწყებულია და საერთო ჯამში, გარიგება 10-15 წელი გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საჰაერო ძალების კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა იური იგნატმა განაცხადა, რომ შვედური Gripen-ები უკრაინისთვის ოპტიმალური არჩევანია, რადგან ისინი ზოგიერთი ასპექტით ამერიკულ F-35-ებს აჯობებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი დიდი ხანია, განიხილავს შვედურ თვითმფრინავებს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა ასევე ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინისთვის შვედური გამანადგურებლების შეძენა შესაძლებელია გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით.