უკრაინა თავისი იარაღის ნაწილის სხვა ქვეყნებში ექსპორტს განახორციელებს, რითაც ბიუჯეტის დეფიციტს დაფარავს. ეს ფრონტისთვის დრონების წარმოებას გაზრდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი იარაღის წარმოებაა. არსებობს მკაფიო მოცულობები: რა სჭირდება ჩვენს არმიას წლის ბოლომდე, ასევე მომავალი წლისთვის და რა უნდა გვქონდეს მარაგში დაცვისთვის, საკმარისი სიძლიერის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საკითხი ეხება უკრაინული იარაღის წარმოების შესაბამის დაფინანსებას, ასევე მოკავშირეებთან ერთობლივ წარმოებას და უკრაინისთვის იმ პროდუქციის მიწოდებას, რასაც ჩვენი პარტნიორები თავად აწარმოებენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინას ზოგიერთი თანამედროვე იარაღის წარმოება იმაზე უფრო დიდი რაოდენობით შეუძლია, ვიდრე მისი დაფინანსების შესაძლებლობა აქვს და ზოგიერთ შემთხვევაში კი ჭარბი რაოდენობაც აქვთ, ხოლო დეფიციტური საშუალებების შევსებას კი, სწორედ  ცალკეული უკრაინული შეიარაღების მართვადი ექსპორტის ხარჯზე მიღებული შემოსავლით გეგმავენ.

"მაგალითად, საზღვაო დრონები, რომლებზეც მსოფლიო იმედოვნებს და რომელთა ჭარბი რაოდენობა გვაქვს, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და სხვა ტიპები“, - განმარტა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პირველი პრიორიტეტი ფრონტი და ბრიგადების მომარაგებაა. მეორე პრიორიტეტი უკრაინის არსენალებია და მხოლოდ მესამე პრიორიტეტი არის ექსპორტის მართვა.

„ორ კვირაში წარმოდგენილი იქნება კონცეფცია - სამი ახალი ექსპორტის პლატფორმა. პირველი პლატფორმა ეხება ექსპორტს და შეერთებულ შტატებთან ურთიერთქმედებას, მეორე პლატფორმა - ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მესამე - სხვა პარტნიორებს მსოფლიოში, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან უკრაინული იარაღით და რომელთაგანაც უკრაინამ მიიღო გარკვეული სახის მხარდაჭერა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ეს იყოს ორმხრივი დახმარება.

"უკრაინა არ ჩაერთვება „შეიარაღებულ ქველმოქმედებაში“ და არ დაეხმარება მათ, ვინც გულგრილია უკრაინის მიმართ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან, ვინც გულწრფელად გვიჭერდა მხარს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ასევე უნდა არსებობდეს საიმედო ექსპორტის კონტროლი, რათა რუსებმა და მათმა თანამზრახველებმა არ მიიღონ წვდომა უკრაინულ ტექნოლოგიებსა და იარაღზე.

"ჩვენმა უკრაინულმა კომპანიებმა, იარაღის მწარმოებლებმა, ამაზე ვრცლად ისაუბრეს. საერთაშორისო დონეზე დიდი ინტერესია უკრაინასთან იარაღის ერთობლივი წარმოების პროექტების მიმართ. ასევე არსებობს აშკარა მოთხოვნა ჩვენს იარაღზე. შესაბამისად, მართული ექსპორტის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ სახსრების დაგროვებას ჩვენი არმიისთვის საჭირო აღჭურვილობის წარმოების გაზრდისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.