უკრაინამ და რუსეთმა 14 ივნისს, ტყვეთა მორიგი გაცვლა განახორციელეს. ეს მიმდინარე კვირაში მეოთხე გაცვლაა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გათავისუფლებულთა შორის ბევრია, ვინც 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის ჯარისკაცები.

სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა განმარტა, რომ დაჭრილი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჯარისკაცები სახლში დააბრუნეს. დღეს გათავისუფლებული დამცველების მნიშვნელოვანი ნაწილი მარიუპოლის დაცვის დროს დაატყვევეს.

დღეს გათავისუფლებული ჯარისკაცების უმეტესობა ოფიცერია. ასევე, გათავისუფლებულთაგან ზოგიერთი 25 წლამდე ასაკისაა.

სამშობლოში დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხერსონის, ხარკოვის, სუმისა და კურსკის მიმართულებით მებრძოლი უკრაინელები დაბრუნდნენ.

როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, დაბრუნებული ჯარისკაცებიდან ყველაზე უფროსი 63 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი - 21 წლის. გათავისუფლებულებს შორის არიან ისინიც, ვინც დაკარგულად ითვლებოდნენ.

სტამბოლში, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს, უკრაინა და რუსეთი ტყვეთა ფართომასშტაბიან გაცვლაზე შეთანხმდნენ. მხარეები შეთანხმდნენ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების, ასევე 18-დან 25 წლამდე ასაკის ყველა სამხედრო მოსამსახურის გაცვლაზე.

გარდა ამისა, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია შეთანხმდნენ გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლაზე "6000/6000"-ზე ფორმატით. ცხედრების დაბრუნება 11 და 13 ივნისს, ასევე დღეს, 14 ივნისს მოხდა. სულ უკრაინაში უკვე 3600-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი დააბრუნეს.