უკრაინამ რუსეთთან სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელა - სახლებში 90 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა.

"სახლი მხოლოდ სიტყვები არ არის, დღეს კიდევ 90 ჩვენი დამცველი დაბრუნდა სახლში რუსული ტყვეობიდან", - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, ტყვეობიდან დაბრუნდნენ: ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები და მესაზღვრეები. ისინი იცავდნენ მარიუპოლს და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, ასევე იბრძოდნენ ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის მიმართულებით.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ახსოვს რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანი და აგრძელებს მუშაობას მათი განთავისუფლებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაცვლაში ჩართულ ყველა ადამიანს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის ინფორმაციით, უკრაინაში დაბრუნდა "აზოვსტალის" 52 დამცველი და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მცველები.

"ველოდებით გაგრძელებას უახლოეს მომავალში”, - აღნიშნა მან.

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ბოლო გაცვლა მაისის ბოლოს მოხდა, რის შედეგადაც სახლში 71 ჯარისკაცი დაბრუნდა.