უკრაინელი დამცველები დონეცკის ოლქის სივერსკიდან გაიყვანეს. ეს გადაწყვეტილება ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად იქნა მიღებული, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მისივე თქმით, სივერსკის რაიონში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, რუსებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მხრივ, ისინი მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, შეტევას აგრძელებენ.

"ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჩვენი დანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად, უკრაინელმა დამცველებმა დასახლებიდან უკან დაიხიეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა სივერსკისთვის ბრძოლის დროს მტერი გამოფიტეს; ქალაქის ყოველი მეტრი მტერს მაღალი ფასი დაუჯდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენერალურმა შტაბმა განმარტა, რომ მტერი დაწინაურდა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი უპირატესობის და მცირე თავდასხმის ჯგუფების მუდმივი ზეწოლის წყალობით რთული ამინდის პირობებში.

"ქალაქი ჩვენი ჯარების ცეცხლის კონტროლის ქვეშ რჩება. ქალაქში მყოფი ოკუპანტები დამარცხდებიან და მათი ლოგისტიკა წყდება. მტრის დანაყოფები ბლოკირებულია მათი შემდგომი წინსვლის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებენ გენშტაბში.

მისივე ცნობით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ საბრძოლო მისიების შესრულებას სლავიანსკის მიმართულებით.