უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ახალი დარტყმების განხორციელების მზადების შესახებ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ყველა უკრაინელს შეუძლია თქვას, რომ უკრაინამ ყველაზე რთული ზამთარი გადაიტანა, თუმცა რუსეთმა მისი გატეხა ვერ შეძლო.

"რუსებს სურდათ ამ ზამთრის გამოყენება უკრაინისა და უკრაინელების განადგურებისთვის, მაგრამ უკრაინა არ გატეხილა. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. უკრაინამ ამ ზამთარში მრავალი მასიური დარტყმა მოიგერია, ერთ დარტყმაზე ათობით რაკეტით და ასობით "შაჰედით", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთი არ აპირებს, დარტყმების შეწყვეტას და უკვე არსებობს ცნობები ახალი თავდასხმებისთვის მზადების შესახებ.

"ფაქტია, ისინი ინფრასტრუქტურაზე ახალ თავდასხმებს ამზადებენ. დაზვერვა შესაბამის ინფორმაციას გვაწვდის, ამიტომ, ყველა, ვისი საქმეც, ვისი სამსახურიც უკრაინის თავდასხმებისგან დაცვაა, გაზაფხულზე ისევე კონცენტრირებული უნდა იყოს, როგორც ზამთარში. ყველა საფრთხეს უნდა მოჰყვეს რეაგირება და რუსული სამიზნეები მაქსიმალურად უნდა განადგურდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.