უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაში ევროპელი ლიდერების მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა "მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ის უკვე მზადაა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის.

"არის განსახილველი მგრძნობიარე საკითხები, ისინი კვლავ არსებობს და მიგვაჩნია, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა (შეხვედრაში) შეიძლება სასარგებლო იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, რათა განიხილოს ვაშინგტონის სამშვიდობო გეგმის ყველაზე მგრძნობიარე საკითხები.

Financial Times-ის ინფორმაციით, ეს მგრძნობიარე საკითხები მოიცავს ტერიტორიულ საკითხებს და აშშ-ის მხრიდან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, 25 ნოემბერს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის სურს, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა რაც შეიძლება მალე შედგეს. ერმაკმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლოა, 27 ნოემბერს, მადლიერების დღეს, შედგეს, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ და აშშ-მა ლიდერების დონეზე შეხვედრის თარიღი დაადგინეს.

აღსანიშნავია, რომ დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების რუსეთისთვის გადაცემის პუნქტია. მანამდე, უკრაინის ლიდერმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინა თავის ტერიტორიებს რუსეთს არ დაუთმობდა. ზელენსკიმ ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა.