სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

ია მეტრეველი მოუწოდებს პროკურატურას, გაითვალისწინონ მისი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი.

"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები. მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს. ასევე ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების "რეჟისორიც" იქნება მიხედილი, კიდევ გაბედა და "აკაცუკების" აქციებზე გამოჩნდა. ეგონა იმარჯვებდნენ. მოვუწოდებ პროკურატურას, გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი”, - წერს ია მეტრეველი.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამნისტია შეეხო მუხლს და საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა. ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ გაამართლა.