21 წლის ლუკა ძაძამიამ, რომელიც მერვე მოწვევის საკრებულოში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით მოხვდა, საკრებულო დატოვა.

შესაბამისი განცხადებით მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს მიმართა.

რა გახდა ლუკა ძაძამიას გადაწყვეტილების რეალური მიზეზი უცნობია.

"ბატონო ზურაბ,

გაცნობებთ, რომ ვტოვებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას, სხვა სამსახურში საქმიანობის გაგრძელების მიზნით.

გთხოვთ, განახორციელოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 21 წლის იურისტი, რომელიც თბილისის მერმა სიაში  მე-18 ნომრად ჩასვა, ანტისამთავრობო აქციების მონაწილე იყო.

დეკემბერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას "ტვ პირველთან" კომენტარში ლუკა ძაძამია ამბობდა, რომ გრძნობს იმ ტკივილს, რომელსაც მისი მშობლების თაობა წლების განმავლობაში განიცდიდა რუსთაველზე დგომისას.

საკრებულოში მოხვედრის შემდეგ,  ლუკა ძაძამიამ TV პირველს უთხრა, რომ  პროევროპულ აქციას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც  "რადიკალური მიზნები გამოაშკარავდა".

არაოფიციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" სიაში ძაძამიას მოხვედრას პარტიის მომხრეებში დიდი ვნაბათაღელვა მოჰყვა.