10 ივლისის ღამეს, რუსეთის ფედერაციამ უკრაინას 400 თავდასხმის დრონით და 18 რაკეტით შეუტია. თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი და მისი რეგიონი იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, მასშტაბური კომბინირებული თავდასხმის დროს, რომელიც თითქმის ათი საათი გაგრძელდა, ტერორისტებმა გამოიყენეს: 18 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური; დაახლოებით 400 დრონი, რომელთაგან თითქმის 200 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი იყო.

მისივე თქმით, კიევის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთი ტერორიზმს ზრდის და ამიტომ დასავლეთმა ტერორისტული ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები და ზეწოლა უნდა გაზარდოს.

"დღეს პარტნიორებთან, კერძოდ, "მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, ვესაუბრები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და ჩამჭრელი დრონების წარმოების დამატებითი დაფინანსების შესახებ. ამოცანები აბსოლუტურად ნათელია. ასეთ რუსულ დარტყმებს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. ზუსტად ასე ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.