აშშ-მა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა მას ჩამოერთვას უკრაინის წინააღმდეგ ყოველდღიური ომის დაფინანსების შესაძლებლობა. ომის დროს, არასრულყოფილი გადაწყვეტილებაც კი ჯობია ყოყმანს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არ ესმის რატომ იგვიანებს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეზღუდვების მიღება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკონომიკური და ენერგეტიკული სანქციები, ასევე რუსეთში ბალისტიკური იარაღის წარმოების აკრძალვა, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.

"რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების, ეკონომიკური და ენერგეტიკული შეზღუდვების, ასევე ბალისტიკური რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული იარაღის წარმოების შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული. რას ველოდებით?“ - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამერიკული კანონმდებლობის, კერძოდ, სენატორ ლინდსი გრემის ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ კონგრესში სანქციების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა აშშ-სთვის ისტორიული მომენტია, რადგან ეს საერთო ღირებულებების დაცვაა.

საკანონმდებლო ნაბიჯების გარდა, უკრაინა აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გადამწყვეტ ქმედებებსაც ელის.

"გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მკაცრი გადაწყვეტილებები. ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის პირადი გადაწყვეტილებები. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.