მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, უკვე თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში, ძალიან მძიმეა ეს რეალობა, - ამის შესახებ გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რა მუხლითაც გიორგი ბარამიძეს ასამართლებენ, დეტალების დაზუსტებას საჭიროებს.

“ეს არის რეპრესიები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ჩვენ უკვე დავდექით იმ რეალობის წინაშე, როცა მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, უკვე თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში. ძალიან მძიმეა ეს რეალობა.

მე გიორგი ბარამიძეს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, ძნელია, რამე კონკრეტული ვთქვა, დღევანდელი მართლმსაჯულების პირობებში, ისეთ სასჯელს უყენებენ, რომელიც ძალიან ბევრ დამტკიცებულ დეტალს მოითხოვს. გამიჭირდება ვთქვა, რომ გიორგი ბარამიძე არის მოღალატე. შეიძლება ვთქვა, რომ იყო შეცდომა, სიტყვის გადაცდენა, მაგრამ ღალატი?! ეს სიგიჟეა“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა.