უკრაინის რამდენიმე რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების შემდეგ ვითარება კვლავ მძიმეა. ენერგეტიკოსები და სარემონტო ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების აღსადგენად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მუდმივი რუსული თავდასხმების შემდეგ ნორმალური ცხოვრების აღდგენა ტიტანური, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა სპეციალისტს, რომელიც დარტყმების შემდგომ პერიოდში იყო ჩართული.

როგორც მან აღნიშნა, რომ მხოლოდ გასულ კვირას რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა თითქმის 1100 თავდასხმის დრონი, 890-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.

მისი თქმით, დარტყმები მიმართული იყო არა სამხედრო მნიშვნელობის მქონე სამიზნეებისკენ, არამედ ენერგეტიკული ობიექტებისა და საცხოვრებელი შენობებისკენ.

"ისინი განზრახ დაელოდნენ ყინვას, რათა ჩვენი ხალხისთვის სიტუაცია გაეუარესებინათ. ეს არის განზრახ ჩადენილი, ცინიკური რუსული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი ჩვენს მობილურ სახანძრო ჯგუფებს, რომლებიც დღე და ღამე იცავენ უკრაინას ამ თავდასხმებისგან და ყველა ჩვენს სხვა მეომარს საჰაერო თავდაცვის დანაყოფებიდან. ჩვენ გვჭირდება სტაბილური მხარდაჭერა უკრაინისთვის, ჩვენი თავდაცვისთვის და კოორდინირებული დიპლომატია მშვიდობისთვის. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვინც ჩვენთან ერთად სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო დღეების განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით არაერთი დარტყმა განახორციელა, ენერგოობიექტების დაბომბვის შედეგად ასობით მოქალაქე ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა.