უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპული ანტიბალისტიკური რაკეტები საწყობებში არ უნდა ინახებოდეს, მაშინ როდესაც უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშები გრძელდება.

მისი თქმით, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიერ გამოყენებული ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტები უკრაინაში ინფრასტრუქტურას ანადგურებს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

"ადამიანების სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, რუსეთი უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პარტნიორების მიერ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები ნიშნავს ყოველდღიურად გადარჩენილ სიცოცხლესა და დაცულ ინფრასტრუქტურას.