რუსეთის არმიამ დღეს ღამით უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე მეტი დრონი გამოიყენა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ეს რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ამ ღამით დარტყმის გეოგრაფია ჩერნიგოვის ოლქიდან ხმელნიცკის ოლქამდე, ხარკოვის ოლქიდან ოდესამდე. და ეს უკვე რუსული კომბინირებული ტერორის მესამე ღამე იყო - დრონების და რაკეტების დარტყმები“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, მხოლოდ სრული დაუსჯელობის განცდას შეუძლია რუსეთს ასეთი დარტყმების განხორციელების და მათი მასშტაბის გაზრდის უფლება მისცეს.

"ამაში მნიშვნელოვანი სამხედრო აზრი არ არის, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური აზრი. ამ გზით პუტინი აჩვენებს, თუ რამდენად სძულს ის მსოფლიო, რომელიც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს მასთან "დიალოგზე", ვიდრე ზეწოლაზე", - აცხადებს პრეზიდენტი.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დამნაშავეს მსგავსად, რუსეთის ჩარჩოებში მოქცევა მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება - მხოლოდ შეერთებული შტატების, ევროპისა და სხვა ქვეყნების ძალით შეიძლება ამ დარტყმების სრული შეწყვეტა და რეალური მშვიდობის მიღწევა.

"რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების ზრდას სანქციების გაძლიერებით უნდა ვუპასუხოთ. რუსეთის მიერ დიპლომატიის იგნორირებას და ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმასაც კი რუსული ფინანსებისა და რუსული ნავთობით ვაჭრობის ბლოკირებით უნდა ვუპასუხოთ. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც სწორედ ამ ძლიერ დღის წესრიგს უჭერს მხარს. რუსეთმა ეს ომი თავად უნდა დაასრულოს. ამისთვის კი აუცილებელია, რომ მათ რესურსები და ბრძოლის სურვილი ჩამოერთვათ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ბოლო სამი ღამის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბურ კომბინირებულ დარტყმებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. გამოყენებული იყო ასობით დრონი და ათობით რაკეტა.