ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ რაიმე ვალდებულებები იკისროს, ან რაიმეზე შეთანხმდეს აშშ-სთან იმიტომ, რომ საქართველო არ მიდის იმ სცენარით, რაც ამერიკას და ევროპას აწყობს, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი რისკი არ არსებობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედროდა აშშ-ის ელჩს.

"ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ რაიმე ვალდებულებები იკისროს, ან რაიმეზე შეთანხმდეს აშშ-სთან იმიტომ, რომ საქართველო არ მიდის იმ სცენარით, რაც ამერიკას და ევროპას აწყობს და ივანიშვილს არ სურს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელის შემშლელი ბარიერი წამოვიდეს. 

არანაირი რისკი არ არსებობდა, რომ შეხვედროდა აშშ-ის ელჩს, მოესმინა  და რაღაცაზე შეთანხმებულიყვნენ, ან არ შეთანხმდები, მაგრამ გაიგებ მაინც, რა უნდათ. 

ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნება" - ივანიშვილი თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართავს კონტრზომებს. როგორც კი მათ უწესებენ სანქციებს, ისინი იწყებენ ვიღაცების დაჭერას, ახალ კანონს იღებენ და ასე შემდეგ. ანუ, აქ არის გამოუცხადებელი, მაგრამ ომი და ამ ომში, რა თქმა უნდა, ევროპა უფრო პასუხისმგებლობით იქცევა იმიტომ, რომ ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა აღარ აქვს "ქართულ ოცნებას", ისევე როგორც, უკრაინის ომში პუტინს არ აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა და დაიღუპება ასი ათასი თუ მილიონი, უკვე მისთვის მნიშვნელობა არ აქვს და ეს მისთვის სტატისტიკაა. აქაც ასეთივე ვითარებაა, დაიჭერს 10-20 კაცს თუ გაჩერდება ეკონომიკა ან სხვა, ამას არ ითვლის "ოცნება" და ევროპა კი თავის დანაკარგებს იხდის", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. ამის საპასუხოდ კი ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია".