უკრაინას რუსეთთან ხანგრძლივი ომი არ სურს და დღეს ყველა ინსტრუმენტი არსებობს მისი სწრაფად დასასრულებლად, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს, რომ უკრაინა მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემი აზრით, თუ უკრაინა ძლიერი იქნება, ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. და ყველა ინსტრუმენტი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი კოლეგების ხელშია, უპირველეს ყოვლისა. ამერიკასა და ევროპას შორის ალიანსის შენარჩუნება ნომერ პირველი ამოცანაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტული ამოცანაა რუსეთის იძულება, დათანხმდეს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინას ამაში ევროპისა და შეერთებული შტატების მხრიდან იძულება  დაეხმარება.

"რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ 3 მილიონი საარტილერიო ჭურვის იმედი გვაქვს. მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა დაეხმარება მათ. ჩვენ გვყავს მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ხანგრძლივი ომი სურს, ჩვენ გვინდა მისი დასრულება. ყველა ომი მთავრდება და ხანგრძლივი დიქტატორული რეჟიმები ყოველთვის მთავრდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის ეს განცხადება იყო პასუხი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომ უკრაინასთან "შერიგება გარდაუვალია და რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია".