30 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰში, რადუშნეს ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტით დაარტყა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, აგრესორმა ქვეყანამ რადუშნის წინააღმდეგ დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩრდილოეთ კორეის რაკეტა გამოიყენა.

როგორც მან აღნიშნა, წინ ექსპერტიზაა, თუმცა ამ დროის მონაცემებით, ეს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა იყო.

"მოსკოველი ნაძირალების კავშირი ჩრდილოეთ კორეის შეშლილ რეჟიმთან რაკეტების მისაღებად, აქ, ევროპაში, ჩვენს საზღვრებთან  ჩრდილოეთ კორეის კონტინგენტისთვის და ჩვენი უკრაინელი ბავშვების დასახოცად", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაგმო დარტყმა და თანაგრძნობა გამოხატა მსხვერპლის გამო. გარდა ამისა, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისაუბრა რუსულ რაკეტაზე, რომელმაც დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე და აფეთქდა ლუბლინის მახლობლად მდებარე მინდორში.

"თუმცა ყველაზე მთავარი მაინც არა უბრალოდ თანაგრძნობა და დაგმობაა, არამედ რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის და სწორედ ისეთი ზეწოლა რუსეთზე, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ეს უაზრო რუსული ომი, ყველა მათი დარტყმა და ტერორი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტებია - Patriot, NASAMS, IRIS-T, HAWK და სხვა სისტემები.

30 ივლისის ღამეს, კრივი-რიჰში, რადუშნეზე რუსების საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსულ დარტყმას ემსხვერპლნენ - 47 წლის არტემ ვორონოვი და მისი 41 წლის მეუღლე ელენა. სახლში ასევე იმყოფებოდა მათი შვიდი შვილი - ყველაზე უფროსი 17 წლის, უმცროსი - 6 წლის, ასევე წლინახევრის შვილიშვილი. ოჯახის ორი უფროსი შვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ერთი კი სამხედროა. ამ დროისთვის დადასტურებულია მშობლების, მათი სამი შვილის და შვილიშვილის გარდაცვალება. კრივი-რიჰში 31 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადდა.

მოგვიანებით ზელენსკიმ ვორონოვების ოჯახის ფოტო გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები უნდა ნახონ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პენტაგონში, ევროპის დედაქალაქებსა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.