უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა შავი ზღვა დაკარგა. 

"უკრაინის საზღვაო ძალებმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებთან ერთად, მიაღწიეს იმას, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდათ. რუსეთმა დაკარგა შავი ზღვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ზმეინის კუნძულის განთავისუფლებით დაწყებული და ყირიმში რუსული ფლოტის, პორტებისა და საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ოპერაციების გაგრძელებით, უკრაინა ამტკიცებს, რომ შავი და აზოვის ზღვები რუსეთის ფედერაციისთვის სიმშვიდის ადგილი არ გახდება.

"ახლა ყველა ხედავს, რომ ჩვენ ინიციატივა წავართვით რუსეთს და ამ ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც ის დაიწყო - რუსულ მიწაზე, რუსულ ცაზე, რუსულ სანაპიროებზე... და მსოფლიოში ყველა სუფთა გული უკრაინისგან მხოლოდ ერთ რამეს ელის - რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს რუსი ნაძირალა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ  საზღვაო ძალების სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და "სიმამაცისა და სიმამაცისთვის" ჯილდოები გადასცა.

გარდა ამისა, მან ოდესაში ახალი საზღვაო აკადემიის დაარსების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

"ჩვენი საზღვაო ძალების პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის საზღვაო ძალების მომავლისთვის და ჩვენი ოდესის მომავლისთვის, ოდესაში ძლიერი ახალი საზღვაო აკადემიის დაარსების შესახებ. ვიცი, რომ ეს არის ის, რაც ჩვენს საზღვაო ძალებს სჭირდებათ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს განვახორციელოთ და რაც მთავარია, ჩვენს კადეტებს და ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ სურვილი ემსახურონ უკრაინას და დაიცვან უკრაინა. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენს ყველა ამოცანას", - განაცხადა ზელენსკიმ.