რუსეთმა უკრაინაზე წინასწარ გათვლილი მასირებული დარტყმა ზუსტად აშშ-ის კონგრესის არჩევნების დღეს განახორციელა, მთავარი სამიზნე კი კვლავ ენერგეტიკა გახდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"რთული მასირებული დარტყმა განახორციელეს რუსებმა ამ ღამით, რომელიც უპირველეს ყოვლისა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იყო გათვლილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მთავარი სამიზნე ოდესის, ჩერკასის, ჟიტომირის, ვინიციის, ხარკოვის, დნეპრის, ჩერნივცის, ჩერნიგოვისა და რივნეს ოლქების გენერაციის ობიექტები და ქვესადგურებია. ბევრ ქალაქსა და თემში ავარიული და გადაუდებელი ელექტროენერგიის გათიშვა გრძელდება.

ხარკოვში რუსებმა დარტყმა ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოზე განახორციელეს. დაშავდა 73 ადამიანი, დაზიანდა კარდიოლოგიური განყოფილება, სადაც პაციენტები მკურნალობდნენ.

"ასევე გუშინდელი დღიდან მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია კამიშევახაში, ზაპოროჟიეს ოლქში. ტრაგიკულად, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. რუსეთმა 29 ადამიანი მოკლა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. დაშავდა ხუთი ადამიანი. ადამიანები ჯერ კიდევ არიან ნანგრევების ქვეშ. სამაშველო სამუშაოები გრძელდება, რამდენადაც უსაფრთხოების ვითარება იძლევა საშუალებას - არსებობს რუსული ორმაგი დარტყმის საფრთხე, რასაც ისინი ყოველთვის ასე ბოროტად აკეთებენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ღამის განმავლობაში რუსეთმა 289 დარტყმითი დრონი, 17 ბალისტიკური და 59 ფრთოსანი რაკეტა გამოუშვა.

"ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ამერიკის კონგრესის არჩევნების დღეს ხდება. რუსები ფიქრობენ, რომ ამერიკა მათ ამ სიგნალს ვერ შეამჩნევს. თუმცა, საჭიროა ამგვარი ტერორის შემჩნევა და შეჩერება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოუწოდა პარტნიორებს, დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვაში.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი არასოდეს შეწყვეტს თავის სარაკეტო დარტყმებს“, - აღნიშნა მან.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 309 სამიზნე ჩამოაგდეს ან ჩაახშვეს, თუმცა რაკეტები და დრონები 23 ლოკაციაზე ჩამოვარდა.