რუსეთმა ხარკოვის ოლქის დასახლება ნოვა ვოდოლაგაზე „შაჰედით“ იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები. უკრაინა მოუწოდებს მსოფლიოს, გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და შეაჩეროს მკვლელები, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქზე რუსების თავდასხმას.

"შაჰედი" ფაქტობრივად პირდაპირ ადამიანებს – ჩვეულებრივი კაფეს მახლობლად მდებარე პარკს დაესხა თავს. აბსოლუტური სისასტიკეა. ექვსი ადამიანი დაიღუპა და მათ შორის არიან ბავშვები. დაღუპული გოგონა ანგელინა, რომელიც პირდაპირ საბავშვო ეტლში მოკლეს, სულ რაღაც წელზე ცოტა მეტის იყო – ის 2025 წლის აგვისტოში დაიბადა. დედამისს ინნა ერქვა, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა... კიდევ ერთი დაღუპული გოგონა 11 წლის იყო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის კიდევ ექვსი ბავშვია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ეხმარება "შაჰედების" და რაკეტების ჩამოგდებაში, რუსული თავდასხმების შეჩერებაში.

"ეს საშინელი ფოტოებია, მაგრამ მათ უკან დამსხვრეული ცხოვრება და ამ ომის შესახებ სიმართლე იმალება. ჩვენ უნდა დავიცვათ სიცოცხლეები. უკრაინას საჰაერო თავდაცვა გვჭირდება. ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთთან ფულზე ვიფიქროთ, სანამ ის უაზრო ომს აგრძელებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დარჩენისკენ იქამდე, სანამ მკვლელობები არ შეწყდება.

"ჩვენ ვთხოვთ ამერიკას, იყოს ძლიერი, ჩვენ ვთხოვთ, რომ ლინდსი გრემის აქტი ამოქმედდეს. ჩვენ ვთხოვთ ევროპას, გააგრძელოს მხარდაჭერა. ჩვენ ვთხოვთ, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინას მშვიდობა სურს, რუსეთი კი მკვლელობების გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს.

"მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს ომის შესაჩერებლად. ეს ძალა საბოლოოდ უნდა იქნეს გამოყენებული - მკვლელების წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.