უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას შეიარაღებულ ძალებში სპეციალური სარდლობის - შორი მანძილზე დარტყმების სარდლობის შექმნის შესახებ. 

"ხელი მოვაწერე ბრძანებულებას შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სპეციალური - შორ მანძილზე დარტყმების სარდლობის შექმნის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სარდლობა ომის განმავლობაში რუსეთის სიღრმეში, ფაქტობრივად, მთელ მის ტერიტორიაზე სტრატეგიული დარტყმების მიყენებაზე იქნება პასუხისმგებელი.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შტაბმა არსებული რესურსების ასი პროცენტის კონცენტრირება უნდა მოახდინოს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთის სამხედრო პოტენციალი.

"ამ მიმართულებაზე მეთაური ძლიერი და რა თქმა უნდა, დიდი გამოცდილების მქონე იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მეთაურის სახელი ჯერ არ გახმაურებულა.

დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა სწრაფი რეაგირების გაერთიანებული ძალების შექმნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

მისი თქმით, ახალ ძალებს სათავეში გამოცდილი სამხედრო, უკრაინის გმირი, გენერალი დიმიტრი ვოლოშინი ჩაუდგება, რომელსაც მისი ფორმირება დაავალა.

"ხელი მოვაწერე განკარგულებას ერთობლივი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ. ეს უნდა იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი კომპონენტი, რომელიც გააერთიანებს მოიერიშე ჯარების საბრძოლო შესაძლებლობებს, აუცილებელ უპილოტო და საარტილერიო კომპონენტებს და სხვა საშუალებებს ფრონტზე უსწრაფესი რეაგირებისთვის. ეს უნდა იყოს თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული საიერიშო კომპონენტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.